დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება
16 114

ხშირად დასმული კითხვები

აბონენტად რეგისტრაცია

ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადით "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს ადგილობრივ სერვის ცენტრებს მიმართავს (განაცხადით მიმართვა შესაძლებელია, ასევე ელექტრონული ფორმით, კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე socargas@socar.ge ). გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესებს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების" მე-19 და მე-19¹ მუხლები.

ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება ხდება: 

ა) გაზიფიცირებულ უბანზე, სადაც ვრცელდება ახალი მომხმარებლის საფასური, გამანაწილებელი ქსელიდან 300 მ-ის რადიუსში მიერთების სამუშაოებს (სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურება) მხოლოდ განაწილების ლიცენზიანტი ახორციელებს. მომხმარებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიანტს მიმართოს განაცხადით (სტანდარტული ფორმით) და დროულად გადაიხადოს ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური. 
ბ) იმ დასახლებებში, სადაც არ ვრცელდება ახალი მომხმარებლის საფასური, ქსელზე მიერთება მომხმარებლისა და განაწილების ლიცენზიანტის ურთიერთშეთანხმებით ხორციელდება. მხარეების შეუთანხმებლობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია, წერილობითი მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში უფასოდ გასცეს ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა და მიერთების მსურველი ქსელზე მიერთებას თავად ან სხვა კონტრაქტორის მეშვეობით უზრუნველყოფს. 
მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საშუალებების მშენებლობა ან/და ახალი მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის გაზიფიცირება, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და გამანაწილებელ ქსელზე შეჭრის სამუშაოებს განაწილების ლიცენზიანტი ასრულებს, ხოლო სამუშაოებისთვის გაწეულ ხარჯებს მომხმარებელი ანაზღაურებს.

 

მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია მიერთების საფასურის 50% განაცხადის წარდგენამდე "სოკარ ჯორჯია გაზის"/"საქორგგაზის" ანგარიშის ნომერზე გადაიხადოს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განაცხადით მოითხოვნილია საფასურის  განწილვადება).

საფასურის განწილვადებით გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია მიერთების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად, 17 თვეზე თანაბარწილად.  მათ შორის პირველი გადასახადი – განაცხადის წარდგენამდე "სოკარ ჯორჯია გაზის"/"საქორგგაზის" ანგარიშის ნომერზე, ხოლო დარჩენილი თანხა – ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებიდან 16 თვის განმავლობაში.

განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე დაბალი წნევის 0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრეზე ახალი აბონენტის მიერთება განაცხადის შეტანიდან 40 სამუშაო დღეში უზრუნველყოს. 
იმ შემთხვევაში, თუ განაწილების ლიცენზიანტი სამუშაოებს განსაზღვრულ ვადებში ვერ შეასრულებს, ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური განახევრდება.

გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთება და, საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა განაწილების ლიცენზიანტის ვალდებულებას არ წარმოადგენს. სამუშაოები დაინტერესებული პირის ხარჯზე, განაწილების ლიცენზიანტთან წინასწარი შეთანხმებით ხორციელდება.

გამანაწილებელი ლიცენზიანტი ვალდებულია დაბალი წნევის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებელს (მოთხოვნილი სიმძლავრით- 0-6 კუბ.მ/სთ) შიდა ქსელი მიერთების საფასურის ფარგლებში მოუწყოს. აღნიშნული სიმძლავრის ზემოთ, მომხმარებელი შიდა ქსელის მოწყობას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს.

მოხმარებული გაზის გადასახადის გადახდა

საფასურის დარიცხვა ხორციელდება ყოველთვიურად, ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით. აბონენტმა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური ქვითარში მითითებულ ვადაში უნდა გადაიხადოს. 
თუ გადახდის ვადის ბოლო დღე შაბათ-კვირას ან დღესასწაულს ემთხვევა, გაზის საფასურის დაფარვა მომდევნო სამუშაო დღეს განხორციელდება.

 

აბონენტებს მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადახდა შეუძლიათ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს ვებ-პორტალზე www.mygas.ge. გადახდა შესაძლებელია როგორც ავტორიზებული, ასევე არაავტორიზებული მომხმარებლებისთვის.
მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების გადახდა, ასევე ხორციელდება ბანკებში და სწრაფი გადახდის აპარატებით, ინტერნეტბანკინგითა და ონლაინ გადახდის საშუალებით.
„სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს სერვის ცენტრებსა და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი"-ს ავტოგასამართ სადგურებში არსებული სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა შესაძლებელია საკომისიო გადასახადის გარეშე.
სხვა კომერციულ ბანკებში და ასევე, სწრაფი გადახდის აპარატებით ანგარიშსწორებისას, შესაძლოა, საკომისიო გადასახადიც გადაიხადოთ, რომელსაც ბანკები და გადახდის აპარატების ოპერატორი კომპანიები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.

დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს ცხელ ხაზზე 16 114 და სახლიდან გაუსვლელად მიიღეთ ინფორმაცია თქვენს სააბონენტო ნომერზე არსებული დავალიანების შესახებ.

ძველი დავალიანების დაფარვა შესაძლებელია ერთიანად ან რამდენიმე თვეზე განწილვადებით. აბონენტი აღნიშნული მოთხოვნით "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს ადგილობრივ სერვის ცენტრს მიმართავს.

 

დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია მომხმარებელს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, ქვითარში ან ხელშეკრულებაში მითითებული გადახდის ვადის ამოწურვის შემდეგ. 
მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, უქმე ან სადღესასწაულო დღეებში და მათ წინა დღეს.

 

გადაუხდელობის გამო შეწყვეტილი ბუნებრივი გაზის აღდგენის საფასურს მომხმარებელი იხდის. ლუქით ჩაჭრისას, აღდგენის საფასური 5 ლარს შეადგენს, ხოლო შედუღებით ჩაჭრისას- 30 ლარს.

მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის საფასურის წინასწარ გადახდის მოთხოვნა „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების" მიხედვით იკრძალება. აბონენტს, მისი სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს წინასწარ გადაიხადოს ბუნებრივი გაზის საფასური, რომელიც მომდევნო თვის ანგარიშსწორებისას აისახება.

 

თუ მომხმარებელმა 1 წლის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა, გაზგამანაწილებელ კომპანიას უფლება აქვს, მომხმარებელს მის კუთვნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანა მოსთხოვოს. 
დეპოზიტზე შეტანილი თანხა მომხმარებელს 1 წლის შემდეგ დაუბრუნდება.

 

თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველი დამონტაჟებულია აბონენტის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის მიზეზით ვერ მოხდება მრიცხველის ჩვენების აღება, მიმწოდებელ კომპანიას უფლება აქვს დაარიცხოს იმ თვის გადასახადი, რომელიც გამოითვლება მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). 

დარიცხვა არის ერთჯერადი და მომდევნო თვეში, მრიცხველის ჩვენების აღების შემდეგ გასწორდება. 
თუ მომხმარებელი 1 თვის განმავლობაში ზედიზედ, ორჯერ განზრახ არ დაუშვებს კომპანიის წარმომადგენელს მრიცხველთან, კომპანიას უფლება აქვს წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება შეუწყვიტოს.
ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარება

ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, ბუნებრივი გაზის მრიცხველის განზრახ დაზიანება, მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება და ბუნებრივი გაზის დატაცება. მათ შორის, მრიცხველის გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის მოხმარება.

ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება, გახარჯული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად. 

მოხმარებული გაზის მოცულობა რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით განისაზღვრება- უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარების რეჟიმი და პერიოდი. თუ აქედან, რომელიმე ფაქტორი არის სადაო და უცნობი, მაშინ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა მოხმარების წესებით განსაზღვრული მეთოდიკის მიხედვით დადგინდება. („ბუნებრივი გაზის მოხმარების და მიწოდების წესები", მუხლი 9)

მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას აუნაზღაუროს ზიანი- გადაიხადოს უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური და დაზიანებული საშუალებების (მრიცხველი, აღრიცხვის კვანძი, გაზგამანაწილებელი ქსელი) ღირებულება. 

მომხმარებელს ასევე დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სახდელი:
  • საყოფაცხოვრებო მომხმარებელი- პირველ შემთხვევაში გაფრთხილება, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენისას 100 ლარით დაჯარიმდება;
  • კომერციული მომხმარებელი- პირველ შემთხვევაში გაფრთხილება, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენისას 15 000 ლარით დაჯარიმდება.
ბუნებრივი გაზის მრიცხველი

 "სოკარ ჯორჯია გაზი" / "საქორგგაზი" თანამშრომლობს მხოლოდ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან”. აღნიშნულ ლაბორატორიაში მრიცხველის შემოწმების ღირებულება 70 ლარია.

ბუნებრივი გაზის მრიცხველი მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან (ტერიტორიის გარეთ) უნდა მოეწყოს. 
თუ, აუცილებლობიდან გამომდინარე მრიცხველი მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე დამონტაჟდება, მომხმარებელი ვალდებულია აღრიცხვის კვანძისა და გაზგაყვანილობის მოსაწყობად მოსახერხებელი ადგილი შეარჩიოს, რომ განაწილების ლიცენზიანტს სამუშაოების წარმოებაში ხელი არ შეეშალოს. 
ამასთან, თუ მომხმარებელს ბუნებრივი გაზი მიეწოდება მის საკუთრებაში არსებული გაზმარეგულირებელი ნაგებობის საშუალებით, მრიცხველი უნდა მოეწყოს ნაგებობის შემავალ გაზსადენზე.

დაზიანებული აღრიცხვის კვანძის (არ არის გამოწვეული მომხმარებლის ქმედებით), ასევე, სხვა სახის დანადგარებისა და მოწყობილობების აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას განაწილების ლიცენზიატი თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს.

მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიის გარეთ მოწყობილი (დამონტაჟებული) აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოსთხოვოს და დაარიცხოს ზიანით გამოწვეული თანხა, თუ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით. თანხა განისაზღვრება მხოლოდ მრიცხველისა და სხვა მოწყობილობების თვითღირებულების შესაბამისად. განაწილების ლიცენზიანტი დაზიანებული აღრიცხვის კვანძის აღდგენის ან შეცვლის სამუშაოებს უფასოდ ახორციელებს.

როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილი ამ მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე, მომხმარებელი პასუხისმგებელია როგორც აღრიცხვის კვანძის, ასევე, მისი შემადგენელი საშუალებების, დანადგარებისა და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე.

ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეიძლება მოიხსნას შემდეგ შემთხვევებში: 

  • მრიცხველს გასული აქვს დამოწმების ან/და გეგმური შემოწმების ვადა– მრიცხველის დამოწმების ან მისი გამოცვლის მიზნით; 
  • მრიცხველი არ აღრიცხავს ბუნებრივი გაზის მოხმარებას– მრიცხველის გამოცვლის მიზნით;
  • ადგილზე დაკვირვებისას (ქრონომეტრაჟის ჩატარებისას) მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მისთვის დასაშვებ საპასპორტო ცდომილებას– ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით; 
  • ბრჯენის არ არსებობის ან მისი მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში)– ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით; 
  • მრიცხველის კონსტრუქციის მთლიანობის ხელყოფის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში)– ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით.
განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნისთანავე სხვა დროებითი მრიცხველი დაამონტაჟოს.

 

მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმებას განაწილების ლიცენზიანტი ახორციელებს.

მოთხოვნისთანავე, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია აცნობოს დანარჩენ მხარეებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ და მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში, შეადგინოს შესაბამისი აქტი. მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს მომხმარებელი იხდის.

თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მრიცხველი გამართულად მუშაობს, აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებულ ხარჯებს სრულად მომხმარებელი დაფარავს. თუ მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა ამოწურულია, მრიცხველის შემოწმების საფასურს განაწილების ლიცენზიანტი გადაიხდის.

მრიცხველის შემოწმება შესაძლებელია სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში", ასევე სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოში აკრედიტებულ ნებისმიერ ლაბორატორიაში.

განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია მომხმარებელსა და მიმწოდებელთან ერთად, მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღეში შეამოწმოს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენება და შესაბამისი აქტი შეადგინოს.

ქონების გადაცემა

უძრავი ქონების შეძენისას, ახალმა მფლობელმა საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად, გამანაწილებელი ლიცენზიანტის ადგილობრივ სერვის ცენტრს უნდა მიმართოს და მესაკუთრის ცვლილების შესახებ განაცხადოს. 

აბონენტმა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყიდვისას, მესაკუთრის ცვლილების შესახებ ასევე, ადგილობრივ სერვის ცენტრს უნდა აცნობოს და მის პირად მონაცემებზე რეგისტრირებული აბონენტის ნომრის გაუქმება მოითხოვოს.

როდესაც, მოქალაქე ქირაობს უძრავ ქონებას ნაწილობრივ ან მთლიანად, იგი უფლებამოსილია მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიანტს დროებითი აბონენტად დარეგისტრირების მოთხოვნით მიმართოს. 

თუ მფლობელი აქირავებს უძრავ ქონებას ნაწილობრივ ან მთლიანად, იგი უფლებამოსილია დამქირავებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიანტს მისი დროებით აბონენტად დარეგისტრირების მოთხოვნით მიმართოს.

ურთიერთობა განაწილების ლიცენზიატსა და აბონენტს შორის რეგულირდება კანონით. სადავო საკითხების თავიდან აცილებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით აუცილებელია, რომ აბონენტი იყოს ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი მომხმარებელი (რომელიც კანონით პასუხისმგებელია სახლის შიდა სისტემის უსაფრთხო ექსპლუატაციასა და ანგარიშსწორებაზე).

ამასთანავე, მისამართზე ძველი აბონენტის ნაცვლად ახალი აბონენტის რეგისტრაცია ამცირებს, ერთის მხრივ, ძველი აბონენტის მიერ დაგროვებული დავალიანების ახალი აბონენტისთვის მოთხოვნასთან, ხოლო მეორეს მხრივ, ახალი მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის ძველი აბონენტისთვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების დაწყების რისკებს.

მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის სხვა მიზნებისთვის გამოყენება კანონდარღვევაა. ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს.

"სოკარ ჯორჯია გაზ"-თან / "საქორგგაზ"-თან ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ, თქვენ კომერციულ ან საყოფაცხოვრებო აბონენტად მხოლოდ შესაბამისი მოხმარების სეზონზე ჩაითვლებით და დანარჩენ პერიოდზე, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის ანგარიშსწორებას ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე მოახდენთ.
უსაფრთხოება

მომხმარებელი ვალდებულია ახალი ან შეკეთებული გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციაში გაშვებამდე, გამანაწილებელ კომპანიას ტექნიკურად შემოწმების მოთხოვნით მიმართოს.

თუ გეგმიური სარემონტო სამუშაოები მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტას გამოიწვევს, კომპანია ვალდებულია საინფორმაციო საშუალებებით მომხმარებელი გაზმომარაგების შეწყვეტისა და მისი ხანგრძლივობის შესახებ მაქსიმუმ 5 და მინიმუმ 1 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს.

გახსოვდეთ! პასუხისმგებლობა საყოფაცხოვრებო ბუნებრივი გაზის მოწყობილობებისა და აპარატურის უსაფრთხო გამოყენებაზე საცხოვრებელ სახლებში (ბინებში) მომხმარებლებს ეკისრებათ.

ზამთრის დადგომამდე, ვიდრე საცხოვრებელ სახლებში (ბინებში) გამათბობლების ჩაირთვება, აუცილებელია მათი შემოწმება. 

ამ შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის მოწყობილობებსა და გაზსადენზე სასწრაფოდ დაკეტეთ ონკანები და დაუყოვნებლივ აცნობეთ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს  საავარიო სამსახურს- 114.

კარიერა

გთხოვთ, გაეცნოთ "სოკარ ჯორჯია გაზ"-ში / "საქორგგაზ"-ში მიმდინარე ვაკანსიებს და სააპლიკაციო ფორმა/რეზიუმე გამოაგზავნოთ თქვენი გამოცდილებისა და უნარების შესაბამის ვაკანსიაზე. 

თუ ზოგადად ხართ დაინტერესებული "სოკარ ჯორჯია გაზ" -ში / "საქორგგაზ"-ში მუშაობით, საშუალება გაქვთ სააპლიკაციო ფორმა/რეზიუმე გამოაგზავნოთ ვებ-გვერდის მეშვეობით. თქვენი რეზიუმე "სოკარ ჯორჯია გაზ"-ის / "საქორგგაზ"-ის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ან/და პერსონალის მართვის სამსახურში შეინახება და შესაბამისი ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში, მოხდება თქვენთან დაკავშირება.